მარტოობისგან თავის დასაღწევად კაცმა საფოსტო ყუთებიდან ათასობით მისალოცი ბარათი მოიპარა - პოლიციას ქურდობის სხვა ვერსიაც აქვს

მისალოცი ბარათი

იაპონიაში, ჰიოგოს პრეფექტურაში მცხოვრები მამაკაცი საფოსტო ყუთებიდან მისალოცი ბარათების ქურდობისთვის დააკავეს. კაცს ათასზე მეტი საახალწლო ბარათის მოპარვა ბრალდება. ინფორმაციას SoraNews24 ავრცელებს.

იაპონიაში ახალი წელი ითვლება მთავარ ოჯახურ დღესასწაულად. ტრადიციულად, იაპონელები მისალოც ბარათებს უგზავნიან ყველა ნათესავს, მეგობარს და კოლეგას. შედეგად, ზოგიერთი ადამიანი ასეულობით ღია ბარათს იღებს.

დაკავებულმა თავისი საქციელი მარტოობის გრძნობისგან თავის დაღწევის სურვილით ახსნა.  თუმცა პოლიციას სხვა ვარაუდიც ჰქონდათ, სამართალდამცველები ფიქრობდნენ, რომ მამაკაცის ქმედება ნაკარნახევი იყო არა მარტოობით, არამედ იაპონური მისალოცი ბარათების თავისებურებით. Japan Post-ის მიერ გამოშვებულ თითოეულ საფოსტო ბარათს აქვს ექვსნიშნა ნომერი, რომელიც გამოიყენება ლატარიის გასათამაშებლად. 

მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილი დააკავეს, პოლიციამ გაჩხრიკა მისი სახლი და აღმოაჩინა მარკების ოთხი ნაკრები. პოლიცია ვარაუდობს, რომ მამაკაცს შეეძლო პრიზების მიღება მოპარული ღია ბარათებიდან. კიდევ უფრო საეჭვოა ის ფაქტი, რომ გათამაშება ჩატარდა ერთი დღით ადრე, სანამ კაცმა მოპარული ბარათები უკან, ისევ საფოსტო ყუთებში არ ჩაყარა.