მარტა კოსი აცხადებს, რომ მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, 2028 წელს დასრულდეს

მარტა კოსი

ევროკომისარი მარტა კოსი მიიჩნევს, რომ მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, 2028 წელს დასრულდეს.

ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალება „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის შეფასებით, ტექნიკურად შესაძლებელია მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება 2028 წლის პირველ ან მეორე კვარტალში.

„ამჟამად ყველაფერი მართლაც შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვის მისწრაფებას, 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდეს. წარსულ გამოცდილებას თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ტექნიკურად შესაძლებელია გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება უკვე 2028 წლის პირველ ან მეორე კვარტალში“, – განაცხადა მარტა კოსმა.

როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ევროკომისიის მიერ გაწევრიანების პროცესში სავარაუდო ვადების დასახელება საკმაოდ უჩვეულო მოვლენაა. „ამიტომ კოსს ასეთი ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვს. რაც შეეხება უკრაინას, ამჯერად მსგავსი პროგნოზები არ გაკეთებულა“, – ნათქვამია მასალაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდოვა მუშაობს, რათა 2028 წლის დასაწყისისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის საჭირო ტექნიკური პროცესი დაასრულოს და ამგვარად, ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მზად იქნება.

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ევროკავშირმა და მოლდოვამ მოლაპარაკებები დაიწყეს ორ კლასტერზე – „შიდა ბაზარი“ და „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა“.

✕