მაროკოდან სეუტაში გადასვლის მცდელობისას 111 ადამიანი დააკავეს

მაროკო

ვითარება კვლავ დაძაბულია ესპანეთის ანკლავში - მაროკოდან სეუტაში გადასვლის მცდელობისას 111 ადამიანი დააკავეს.

მედია მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებულთა შორის აფრიკის ქვეყნებიდან ჩასული 109 მიგრანტი და მაროკოს ორი მოქალაქე არიან, ისინი მაროკოს ქალაქ ფნიდეკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

საზღვრის ორივე მხარეს უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ გამკაცრდა, რაც სოციალურ ქსელებში ესპანეთის ტერიტორიაზე მასობრივი გადასვლისკენ მოწოდებების შემცველი მიმართვები გავრცელდა.

ესპანური მედიის ცნობით, მაროკოს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა მიგრანტების დასაშლელად, რომლებიც საზღვრიდან დაახლოებით 3 კილომეტრში მდებარე ბორცვებზე იყვნენ შეკრებილები.