მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს ჩვენი ომი არ არის. ეს არის ომი სხვა კონტინენტზე

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ამერიკის ომი არ არის.

როგორც რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, აღნიშნული ომი საერთოდ სხვა კონტინენტზე მიმდინარეობს, ხოლო ამერიკას უბრალოდ მისი შეჩერება სურს.

„ეს არ არის ჩვენი ომი. ეს არის ომი სხვა კონტინენტზე. ჩვენ გვაქვს შეხება ამ ომთან, მაგრამ ის ჩვენი ომი არ არის. ამას ყველას ვეუბნებით. ვფიქრობ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ დედამიწის ზურგზე არსებობს მხოლოდ ერთი ერი, ერთი სუბიექტი, ვისაც შეუძლია ესაუბროს ორივე მხარეს და გაარკვიოს, ომის მშვიდობიანად დასრულების რა გამოსავალი არსებობს. და ეს შეერთებული შტატებია“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, აშშ დიდ ძალისხმევასა და ენერგიას ხარჯავს, რათა კონფლიქტი დაასრულოს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მაღალ დონეზე. რუბიოს განცხადებით, ცალკე დროს ხარჯავენ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი.