მაკრონი: აშშ-ს აქვს იძულების ისეთი უნარი, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს სცილდება

მაკრონი

ჩვენ წინაშეა აშშ, სულ უფრო მეტი ექსტრატერიტორიული წესებით, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს და რაც მთავარია, აშშ-ს აქვს იძულების ისეთი უნარი, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს სცილდება, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტერვიუში.

„როდესაც შეგიძლია დასაჯო ეკონომიკური აქტორი, რომელიც არ მოგწონს; როდესაც შეგიძლია აიძულო შენს ქვეყანაში ჩამოსული პირი, მოგაწოდოს ბოლო ხუთი წლის მონაცემების ისტორია ვიზის მისაღებად; როდესაც — საკუთარი მოვალეობის შესრულების საბაბით - სჯი ევროკომისარს, რადგან მან გაგაღიზიანა (როგორც ეს ტიერი ბრეტონის შემთხვევაში მოხდა), ან სჯი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეს იმის გამო, რომ მან თავისი საქმე შეასრულა და ეს შენ არ მოგეწონა, და მას კომუნიკაციისა და გადახდის ყველა საშუალებას უსპობ - ამას უკვე აღარ ჰქვია სამართლებრივი სახელმწიფო“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

„და ამას იმიტომ ვამბობ, რომ მსოფლიოს ყველა ინვესტორისთვის, ყველა ინდუსტრიული სექტორის წარმომადგენლისთვის, თუ ჩვენ შევძლებთ იმ ევროპულ ნახტომს - დიდი დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოსკენ - ეს იქნება უზარმაზარი მიზიდულობის ფაქტორი. ჩვენ ისე ვიქცეოდით, თითქოს ეს ყველგან ასე იყო, მაგრამ ახლა უკვე ასე აღარ არის“, - დასძინა მან.