მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების ლიდერობისთვის და ყველა ქვეყნის, რომელმაც გაეროს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვას მხარი დაუჭირა - ანდრეი სიბიგა

ანდრეი სიბიგა

დღეს, ვენაში უკრაინის მოთხოვნით ეუთოს მუდმივი საბჭოსა და უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის სპეციალური ერთობლივი სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამ ერთობლივ შეხვედრაზე განხილული იქნა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური სარაკეტო დარტყმები და დრონებით თავდასხმები, ასევე, მოსკოვის უახლესი მუქარები. ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა მკაფიოდ დაგმეს რუსული ტერორი და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე ერთგულება უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მიმართ.

პირადად მადლობელი ვარ ჩემი შვეიცარიელი და ქართველი კოლეგების, იგნასიო კასისისა და მაკა ბოჭორიშვილის, ლიდერობისთვის და ყველა ქვეყნის, რომელმაც დღეს გაეროს წესდებისა და ჰელსინკის პრინციპების დაცვას მხარი დაუჭირა“, - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.