ლავროვის განცხადებით, გასულ წელს ერ-რიადში მოლაპარაკებების დროს მას მარკო რუბიომ უთხრა, თუ აშშ-ისა და რუსეთის ეროვნული ინტერესები ერთმანეთს დაემთხვევა, ამის არ გამოყენება შეცდომა იქნებოდა

ლავროვი

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 2025 წლის თებერვალში საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართული მოლაპარაკებების დეტალები გაიხსენა.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუბიომ თავად გამოცემა The New York Times-თან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მასთან მოლაპარაკებების დროს მან ფილმ „ნათლიის“ პერსონაჟის ვიტო კორლეონეს ციტირება მოახდინა.

„ასეთი საუბარი ნამდვილად შედგა, და, თუ მარკომ საჭიროდ ჩათვალა მის შესახებ პრესასთან ესაუბრა, ვერ ვხედავ მიზეზებს, რის გამო მე ვერ დავამატებდი რამდენიმე დეტალს. ერ-რიადში ჩვენი შეხვედრის დაწყებისთანავე მარკომ თქვა შემდეგი. რა თქმა უნდა, სიტყვა სიტყვით ვერ ვციტირებ, მაგრამ მისი შინაარსი კარგად დავიმახსოვრე. მან მითხრა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკა ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეროვნული ინტერესებითა და საღი აზრით განისაზღვრება“, - თქვა ლავროვმა.

მინისტრის განცხადებით, ეს ნიშნავდა იმას, რომ ამერიკელები აღიარებენ, რომ ასეთი ინტერესები ამერიკის სხვა წამყვან პარტნიორებსაც ექნება.

„შემდეგ მან გააგრძელა - ისეთი ქვეყნების, როგორიცაა აშშ და რუსეთი, ეროვნული ინტერესები, ყოველთვის არ დაემთხვევა ერთმანეთს, დიდწილად ისინი არ დაემთხვევა. მაგრამ, როცა აშშ-ისა და რუსეთის ეროვნული ინტერესები დაემთხვევა, ამის არ გამოყენება ეკონომიკაში, ვაჭრობაში, ინვესტიციებსა და სხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო პროექტების რეალიზაციისთვის დიდი შეცდომა იქნება“, - დასძინა ლავროვმა.

მან აგრეთვე განაცხადა, რომ ერ-რიადში რუბიოსთან მოლაპარაკებების დროს თქვა, რომ სრულად ეთანხმება მის მიდგომას.