კუნთების გასაზრდელად ხორცის ჭამა არაა საჭირო - კვლევა

კუნთები

 მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში შეისწავლეს, როგორ რეაგირებს კუნთის ცილის სინთეზი სპეციალურ 9-დღიან დიეტაზე, რომელიც წონებით ვარჯიშთანაა კომბინირებული. მათ სამი მთავარი კითხვა ჰქონდათ: რამდენად მოქმედებს კუნთის ზრდაზე ცილის წყაროს სხვაობა — ცხოველური ან მცენარეული? აქვს თუ არა მნიშვნელობა, როგორაა განაწილებული მთელ დღეზე ცილის მიღება? აქვს თუ არა შედეგზე გავლენა ცილის ყოველდღიურად მიღებას ზომიერი, მაგრამ საკმარისი (1.1-1.2 გრამი ყოველ კილოგრამზე) რაოდენობით?

ამ კითხვებზე მკვლევართა პასუხი "არა" არის.

"დიდი ხანია, არსებობს მოსაზრება, რომელსაც დოგმაც შეიძლება ვუწოდოთ, რომ ცხოველური წარმოშობის ცილები კუნთის ზრდის მხრივ უპირატესია. ეს სათავეს იღებს ადრეულ კვლევაში, რომელმაც აჩვენა, რომ ცხოველური ცილის შემცველი საკვების ერთხელ მიღება კუნთის ცილის სინთეზს უფრო მეტად ასტიმულირებდა, ვიდრე ვეგანური საჭმელი.

ამაზე დაფუძნებული ჩვენი ზოგადი ჰიპოთეზა სწორედ ის იყო, რომ ცხოველური საკვების მიღება კუნთის ზრდის მისაღწევად უფრო ეფექტიანი იქნებოდა. ამის მიუხედავად, მხოლოდ ერთი კერძის შემდეგ ჩატარებული დაკვირვებები, შესაძლოა, ხანგრძლივი ვეგანური დიეტის ეფექტს არა ასახავდეს", — აცხადებს ნიკოლას ბარდი, ჯანმრთელობისა და კინეზიოლოგიის პროფესორი ილინოისის უნივერსიტეტიდან.

ერთ-ერთი ასეთი კვლევისას მეცნიერებმა კუნთის ზრდა ხორცისმჭამელ და ვეგან ადამიანებში შეისწავლეს, რომლებიც 10 კვირის განმავლობაში წონებით ვარჯიშობდნენ. სხვაობა არ დაფიქსირდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მონაწილეები ყოველდღიურად სხეულის თითო კილოგრამზე 1.6-დან 1.8 გრამამდე ცილას იღებდნენ. ეს აღემატება იმ რაოდენობას, რომელიც კუნთის ცილის სინთეზისთვისა და ვარჯიშით მისი გაზრდის მაქსიმალური შედეგისთვისაა საჭირო. ასევე, ვეგან მონაწილეებს ცილის დანამატები ეძლეოდათ, რაც მათ რეალურ კვების რაციონს არ შეესაბამება.

ახალი კვლევის ავტორებმა ხორცისმჭამლებისა და ვეგანების ჩვეულებრივი დიეტის გავლენა გააანალიზეს. ისინი 20-40 წლის ფიზიკურად აქტიურ 40 ჯანმრთელ მოხალისეს შესაბამის საკვებს თავად აწვდიდნენ. პირველი ჯგუფის ცილის წყაროს 70% ცხოველური იყო (ძროხის, ღორისა და ქათმის ხორცი, რძის ნაწარმი და კვერცხი). ვეგანებში ამინომჟავების ბალანსი კონტროლდებოდა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი სრულ ცილებს იღებდნენ.

ორივე ჯგუფი შიგნითაც დაჰყვეს: განაცალკევეს ისინი, ვინც 3 კვების განმავლობაში ცილას თითქმის ერთნაირი ოდენობით იღებდა და ისინი, ვინც 5 კვების განმავლობაში ცილის მეტ ოდენობას უფრო დღის ბოლოსკენ იღებდა. თითოეული მათგანი ლაბორატორიაში სამ დღეში ერთხელ სპეციალურ ვარჯიშებს აკეთებდა. მათ ფიზიკურ აქტიურობას სათანადო მოწყობილობით სახლის პირობებშიც აკვირდებოდნენ.

მონაწილეები ყოველდღიურად ბევრ წყალს სვამდნენ, რომელშიც წყალბადის იზოტოპი დეიტერიუმი იყო. ის ამინომჟავებში წყალბადის ატომებს ანაცვლებდა და კუნთის ქსოვილში შეღწევადობის გაანალიზებას ხდიდა შესაძლებელს, ანუ ინდიკატორის როლს ასრულებდა. ასევე, ცდის დასაწყისსა და დასასრულს მონაწილეების ფეხის კუნთის ნიმუშები აიღეს.

დადგინდა, რომ ხორცისმჭამლებსა და ვეგანებს შორის კუნთის ცილის სინთეზის სხვაობა არ ფიქსირდებოდა. ასევე, კუნთის ზრდაზე დღის განმავლობაში ცილის განაწილებასაც არ ჰქონდა გავლენა. შედეგად დაასკვნეს, რომ ცილის წყარო, მისი მიღების დრო და ზომიერი რაოდენობა წონებით ვარჯიშისას სხვაობას არ იძლევა.