კულტურის სამინისტრო მხატვრის, გიორგი (გიგა) ლაპიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ლაპიაშვილი

საქართველოს კულტურის სამინისტრო გამოჩენილი მხატვრის, გიორგი (გიგა) ლაპიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სამინისტროს განცხადებით, გიგა ლაპიაშვილი მრავალი წლის განმავლობაში ქმნიდა გამორჩეულ ფერწერულ ტილოებს, თეატრის სცენოგრაფიასა და თოჯინების თეატრის დეკორაციებსა და პერსონაჟებს.

„მხატვრის ნამუშევრები გამოირჩევა უნიკალური ფერთა პალიტრით, რომელიც ემოციურ სიღრმეს განაპირობებს. მისი ფერწერა არაერთხელ გამოიფინა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ხოლო სცენოგრაფიისა და თოჯინური ხელოვნების სფეროში შესრულებულმა ნამუშევრებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

გიგა ლაპიაშვილი იყო პედაგოგი, რომელიც ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი რჩევებითა და ცოდნით ეხმარებოდა.
მრავალი წლის მანძილზე ასწავლიდა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის თეატრის მხატვრობის მიმართულებაზე.

ის იყო ცნობილი მხატვრის, ფარნაოზ ლაპიაშვილის შვილი.

კულტურის სამინისტრო უსამძიმრებს მხატვრის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.