კრემლი ადასტურებს, რომ, სამხედრო არეულობის შემდეგ, პუტინი პრიგოჟინს შეხვდა

პუტინი

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ადასტურებს, რომ 29 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი  ვლადიმერ პუტინი, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს შეხვდა.

23-24 ივნისს მომხდარი სამხედრო არეულობის შემდეგ, ეს პუტინი-პრიგოჟინის პირველი შეხვედრა იყო.

როგორც პესკოვი ამბობს, 29 ივნისს პუტინმა 30-ზე მეტ სამხედრო მეთაურთან, გამართა შეხვედრა, რომელსაც პრიგოჟინიც ესწრებოდა.

"პრეზიდენტმა ასეთი შეხვედრა ნამდვილად გამართა. მან მოიწვია 35 ადამიანი, მათ შორის ყველა ქვედანაყოფის მეთაური და კომპანიის ხელმძღვანელობა, მათ შორის, თავად პრიგოჟინი. ეს შეხვედრა კრემლში 29 ივნისს გაიმართა და 3 საათი გაგრძელდა. დეტალები უცნობია, ერთადერთი რისი თქმაც შეგვიძლია ისაა, რომ პრეზიდენტმა შეაფასა ფრონტზე არსებული კამპანია, ასევე 24 ივნისს მომხდარი მოვლენები. პუტინმა მოისმინა მეთაურების ახსნა-განმარტებები და  შესთავაზა მათ განლაგებისა და შემდგომი საბრძოლო გამოყენების ვარიანტები", - თქვა პესკოვმა.
გასულ კვირას პესკოვმა თქვა, რომ კრემლს არ აქვს პრიგოჟინის მოძრაობების თვალყურის დევნების "შესაძლებლობა და არც სურვილი". 23-24 ივნისის სამხედრო არეულობის შემდეგ, პრიგოჟინის ადგილსამყოფლის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა.

რუსეთის თავდაცვის უწყებასა და პრიგოჟინს შორის შეთანხმება ბელარუსის პრეზიდენტის შუამავლობით დაიდო. შეთანხმების თანახმად, პრიგოჟინი ბელარუსში უნდა წასულიყო. 27 ივნისს ლუკაშენკომ თქვა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში ჩავიდა. ხოლო 6 ივლისს განაცხადა, რომ ის რუსეთში იყო.