კომპანიამ თანამშრომელი კორპორაციულ წვეულებაზე მიუსვლელობის გამო დააჯარიმა

წვეულება

ტაილანდში კერძო კომპანიამ თანამშრომელი საახალწლო კორპორაციული ღონისძიების გაცდენისთვის დააჯარიმა, მას ჩამოერთვა პრემია და სხვა სანქციებიც დაუწესდა. ამის შესახებ გამოცემა The Thaiger წერს.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კომპანიის ხელმძღვანელობის წერილი. შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ თანამშრომელს, რომელიც სადღესასწაულო ღონისძიებას არ დაესწრო, ჩამოერთმეოდა 50 საათის სამუშაოს ანაზღაურება და წლიური პრემია. გარდა ამისა, ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ თანამშრომელს 2026 წელს ხელფასის მომატებაზეც უარი ეთქვა.

წერილის გამოქვეყნებამ სოციალურ ქსელებში მწვავე დისკუსია გამოიწვია. ბევრი ტაილანდელი მიიჩნევდა, რომ დასჯა ზედმეტად მკაცრი იყო და დაზარალებულს სამსახურის დატოვებისკენ მოუწოდებდა. ასევე აღინიშნებოდა, რომ კომპანიას არ აქვს უფლება, კორპორაციულ ღონისძიებაზე არდასწრების გამო ხელფასთან დაკავშირებული სანქციები გამოიყენოს.

მეორე მხრივ, ზოგიერთი მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ დღესასწაულის გაფრთხილების გარეშე გაცდენა შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს, რადგან კომპანია საკვებსა და სასმელს სტუმრების განსაზღვრული რაოდენობის გათვალისწინებით ამზადებდა.