1732386875
კომპანია Meta-მ სამსახურიდან 11 000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა
კომპანია Meta-მ სამსახურიდან 11 000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
„დღეს მინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი ყველაზე რთული ცვლილება, რომელიც Meta-ს არსებობის ისტორიაში განვახორციელეთ. გადავწყვიტე, შევამცირო ჩვენი გუნდის წევრთა რაოდენობა 13%-ით და 11 000-ზე მეტი ნიჭიერი თანამშრომელი გავათავისუფლო სამსახურიდან“, - წერს ცუკერბერგი Meta-ს პერსონალისადმი გაგზავნილ წერილში.
ცუკერბერგმა ამ გადაწყვეტილებას რთული უწოდა და ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებაზე სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მისივე თქმით, Meta ყველა ასეთი თანამშრომელს 16 კვირის ანაზღაურებას გადაუხდის, ასევე დაფარავს მათი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს 6 თვის განმავლობაში და სხვა სამსახურის მოძებნაში დაეხმარება.
არსებული ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს Meta-ში 87 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა.
გასულ თვეებში Meta-ს ირგვლივ ბუნდოვანებამ და დაბნეულობამ მოიყარა თავი. კომპანიის ფლაგმანი პლატფორმა Facebook ახალგაზრდა მომხმარებლებს კარგავს და შემოსავლის პრობლემა უჩნდება Apple-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის გამო. გარდა ამისა, ინვესტორები არ არიან დარწმუნებული ცუკერბერგის მეტავერსის იდეის მიზანშეწონილობაში.
გასულ თვეში, ინვესტორებმა 80 მილიარდი დოლარი დაკარგეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანიის მოგება მესამე კვარტალში განახევრდა. ეს მიმდინარე წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდნაა, რისი შემსწრეც უოლ სტრიტი გახდა.