ხატია ბუნიათიშვილი წლის ყველაზე გავლენიან ცხრა შემსრულებელს შორის დასახელდა

ხატია ბუნიათიშვილ

"ხელოვანები, რომლებიც 2025 წელს კულტურას აყალიბებენ" - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია ახლახან მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალმა Elle-მა.

გამოცემის მიერ დასახელებულ 9 ყველაზე გავლენიან შემსრულებელს შორის ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც აღმოჩნდა.

"მათ ნიჭზე ლეგენდები დადის, ისინი საკუთარი ხელობის ნამდვილი ოსტატები არიან", — წერს ჟურნალი.

ოსტატ ხატია ბუნიათიშვილთან გამოცემამ მცირე ინტერვიუც ჩაწერა და პიანისტს შესრულების გამორჩეულ მანერაზე, გავლენისა და შთაგონების მნიშვნელობაზე და წინასაკონცერტო "რიტუალზე" ჰკითხა.

"როდესაც სცენაზე ხარ, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გადმოსცე, რასაც იმ მომენტში განიცდი", — ამბობს ხატია, — "სულ ვამბობ ხოლმე, რომ როცა სცენაზე ვარ, ემოციურად ვშიშვლდები, რადგან მუსიკის მიღმა ვერ დაიმალები. მუსიკა შენს ყველა ემოციას და განცდას აღვიძებს. ყოველ კონცერტზე ვამბობ, თითქოს, ეს ჩემი უკანასკნელი კონცერტია, რადგან მინდა, მთლიანად შევიგრძნო ყველაფერი". 

გასული წელი ხატიასთვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა: ოქტომბერში მან თავისი რიგით მეექვსე სოლო ალბომი გამოუშვა, რომელშიც მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები შევიდა, მოგვიანებით კი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზეც დაუკრა. ქართველი პიანისტი მომავალ წელს კარნეგი-ჰოლშიც ბრუნდება სოლო კონცერტისთვის.

"გავლენა შთაგონებისგან განსხვავდება", — ეუბნება ხატია Elle-ს, — "ბევრს შთავუგონებივარ, მაგრამ გავლენებისთვის თავის არიდებას ვცდილობ, რადგან ხელოვნება ინდივიდუალიზმს ემყარება. კითხვის შენეული სტილი უნდა გქონდეს, გავლენა კი ვიღაცისგან მოპარვას ჰგავს".

უცხოეთში ცხოვრებისა და მოღვაწეობის მიუხედავად, ხატია საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც აქტიურად ადევნებს თვალს და ეხმაურება. შარშან დეკემბერში პიანისტმა პროტესტის მონაწილეთა მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელა და ძალოვანი უწყებების ძალადობრივი ქმედებებიც დაგმო.

ხატია ბუნიათიშვილს სთხოვეს, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი მუსიკით გადმოეცა (ვიდეო)
შენს თვალებში დანახულ შინაგან ბავშვთან კავშირი გაწონასწორებაში გეხმარებაო, ეუბნება მუსიკოსი ჟურნალს პასუხად შეკითხვაზე, როგორია მისი წინასაკონცერტო "რიტუალი".

"წაძინება მიყვარს", — ამბობს ხატია, — "გონება ძალიან კარგ ფორმაში უნდა გქონდეს და როცა საკმარისად არ გძინავს, მეტად კონცენტრირება გჭირდება. ამას გარდა, უშუალოდ სცენაზე გასვლამდე ჩემთვის საყვარელ ადამიანებს ვეხუტები. და ბოლო, რასაც ვაკეთებ, სარკეში ჩახედვა და იმაზე დაფიქრებაა, რას დავინახავ. [...] დარბაზის ოვაციები მიყვარს, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არაა. მნიშვნელოვანია, ვინ ხარ და საიდან მოდიხარ".