კატარის საგარეო სამინისტროში აცხადებენ, რომ კატარს სურს, გააძლიეროს თავდაცვითი პარტნიორობა აშშ-თან

მაჯედ ალ-ანსარი

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მაჯედ ალ-ანსარის განცხადებით, აშშ-თან სტრატეგიული თავდაცვითი პარტნიორობა ეჭვქვეშ არ დგას და ქვეყანა ამ თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს.

მისივე თქმით, კატარის ტერიტორიაზე ირანის საჰაერო თავდასხმების შემდეგ, კატარს სურს, გააძლიეროს თავდაცვითი პარტნიორობა აშშ-თან, მიუხედავად იმისა, რომ არსებულ შეთანხმებასაც მნიშვნელოვან შემაკავებელ ფაქტორად მიიჩნევს.

რაც შეეხება ირანთან დიპლომატიურ კონტაქტებს, საკითხზე საუბრისას კატარის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირანის საგარეო მინისტრს დაუკავშირდა. მაჯედ ალ-ანსარის თქმით, ომის დაწყებიდან ეს იყო ორ მხარეს შორის ერთადერთი ოფიციალური კონტაქტი.

ამასთან, მაჯედ ალ-ანსარმა განმარტა, რომ ამჟამად კატარის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის დაცვა და მასთან დაკავშირებული დიპლომატიური ძალისხმევაა.

„ყველა კონფლიქტი საბოლოოდ მოლაპარაკების მაგიდასთან წყდება, ეს ჩვენი პრინციპია, თუმცა ამჟამად კატარი ყოველდღიურ დარტყმებს განიცდის ირანის მხრიდან. ამ პირობებში მედიაციაზე საუბარი შეუძლებელია. დარტყმები უნდა შეწყდეს“, – აღნიშნა კატარის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერმა მაჯედ ალ-ანსარმა.