კატარის პრემიერი: ირანის არასწორმა გათვლამ ყველაფერი გაანადგურა, სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმას არ ველოდებოდით, ყოველთვის ვცდილობდით ირანთან კარგ ურთიერთობას

კატარის პრემიერი

ირანის არასწორმა გათვლამ ყველაფერი გაანადგურა, – ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანიმ „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანიმ ირანის მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე განხორციელებული დარტყმები „სახიფათო შეცდომად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ვითარების ესკალაცია რეგიონის დესტაბილიზაციისა და გლობალური ეკონომიკისთვის შოკის მომგვრელი შედეგების რისკს ქმნის.

კატარის პრემიერის განცხადებით, ქვეყანა ძალიან რთულ პერიოდში შევიდა, თუმცა მან კატარის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების პროფესიონალიზმი შეაქო.

ამასთან, მისივე თქმით, კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გზად დიპლომატია რჩება.

„ეს ღალატის დიდი განცდაა. ომის დაწყებიდან სულ რაღაც ერთ საათში კატარს და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებს თავს დაესხნენ. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ არცერთ ომში მონაწილეობას არ ვაპირებთ. თავდასხმა სპარსეთის ყურის ქვეყნებზე – ჩვენ ამას მეზობლისგან არასდროს მოველოდით. ყოველთვის ვცდილობდით, ირანთან კარგი ურთიერთობა შეგვენარჩუნებინა, მაგრამ მათ მიერ გამოყენებული გამართლებები და საბაბები სრულიად უარყოფილია. ჩვენ ვაგრძელებთ დეესკალაციისთვის გზის ძიებას. ისინი ჩვენი მეზობლები არიან – ეს ჩვენი ბედისწერაა“, – განაცხადა მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანიმ.

ამასთან, კატარის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ირანელების მიერ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმის არასწორმა გათვლამ ყველაფერი გაანადგურა, თუმცა. მისივე თქმით, ამაზე პასუხი მოლაპარაკებების განახლება უნდა იყოს.

მან ასევე უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ ირანის დარტყმები სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იყო მიმართული. მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანის თქმით, თეირანის სამიზნეს წარმოადგენდა საერთაშორისო აეროპორტები, წყალმომარაგების სისტემები და გაზის ინფრასტრუქტურა.

„თავდასხმების 25% სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული. რა კავშირი აქვს ამას ომთან? რისი მიღწევა სურთ?,“ – აღნიშნა მოჰამედ აბდულრაჰმან ალ-თანიმ.