კარტოფილი, შესაძლოა, კიბოს სამკურნალო საშუალებად იქცეს - ახალი კვლევა

კარტოფილი

პოლონეთში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, კარტოფილი, შესაძლოა, კიბოს სამკურნალო საშუალებად იქცეს, - ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

პოლონელი მეცნიერების თქმით, გლიკოალკალოიდები (ბუნებრივი ქიმიკატები) , რომლებსაც კარტოფილი შეიცავს, სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდებიან. შესაბამისად, გლიკოალკალოიდები პაციენტებს ეხმარებიან, მკურნალობის დროს დამანგრეველი გვერდითი ეფექტები თავიდან აიცილონ. 

მართალია, ქიმიოთერაპია წარმატებული მეთოდია კიბოს მკურნალობის დროს, თუმცა მას გვერდითი ეფექტების ისეთი ფართო სპექტრი ახლავს თან, როგორიცაა: თმის ცვენა, გადაღლილობა, გულისრევა. ასევე, კიბოს სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები, რომლებიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს, კლავს ჯანსაღ უჯრედებსაც. 

კვლევისას მეცნიერები 5 გლიკოალკალოიდის - სოლანინის,  ჩაკონინის, სოლაზონინის, სოლამარგინისა და ტომატინის მოქმედებას სწავლობდნენ. 

დაკვირვებამ აჩვენა, რომ სოლანინს იმ კანცეროგენული ქიმიკატების მოქმედების შეჩერება შეუძლია, რომლებიც ორგანიზმში კიბოს განვითარებას უწყობს ხელს.

ჩაკონინი და სოლაზონინი ეფექტური აღმოჩნდა სეფსისის მკურნალობის დროს. ხოლო ტომატინი ხელს უწყობს სხეულის უჯრედული ციკლების დარეგულირებას.

მეცნიერები ამბობენ, რომ კვლევის შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია. 

კვლევა Frontiers in Pharmacology-ში გამოქვეყნდა.