კაია კალასი: უკრაინა არ უნდა აიძულონ, რომ მიწები დათმოს, ეს პუტინის ხაფანგია

კაია კალასი

უკრაინა არ უნდა აიძულონ, რომ მიწები დათმოს, ეს პუტინის ხაფანგია, ამის შესახებ პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კალასის თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯები ბევრი არ არის.

„ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების გარანტია არის უკრაინის ძლიერი არმია“, – განაცხადა კალასმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ „მსურველთა კოალიციის“ წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ, რა წვლილის შეტანა შეუძლიათ და ჯერ კიდევ არ არის ნათელი, როგორ იმოქმედებენ ისინი.

ალასკის სამიტთან დაკავშირებით კალასმა განაცხადა, რომ პუტინმა მიიღო ყველაფერი, რისი მოთხოვნაც ჰქონდა.

„პუტინს თბილი მიღება ჰქონდა და სურდა, რომ სანქციები არ დაწესებულიყო, რასაც მან ასევე მიაღწია. პუტინი უბრალოდ იცინის, არ წყვეტს მკვლელობას, არამედ ზრდის მკვლელობას. ჩვენ გვავიწყდება, რომ რუსეთი არც ერთ დათმობაზე არ წასულა“ – განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლისთვის სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობს.