ჯეი დი ვენსმა მინეაპოლისში ქალის მკვლელობას „მის მიერვე შექმნილი ტრაგედია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ოფიცერი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მინეაპოლისში ქალის მკვლელობას „მის მიერვე შექმნილი ტრაგედია“ უწოდა.

როგორც ვენსმა აღნიშნა, საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურების აგენტის მიერ განხორციელებული სროლა თავდაცვითი ზომა იყო.

„ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე თავდასხმის მცდელობას აფინანსებთ? თქვენ სიმართლის გასაჯაროება გმართებთ. როგორ გახდით პროპაგანდის, რადიკალური ფრთის აგენტები, რომლებიც ჩვენი კანონების აღსრულებას ართულებენ? თქვენ ახლახან დამისვით კითხვა, რომელიც ვარაუდობდა, რომ ქალის გარდაცვალების მიზეზი მისი ლეგიტიმურ პროტესტში მონაწილეობა იყო. მან საკუთარი მანქანით ადამიანზე გადავლა სცადა, ბიჭმა კი, როდესაც ეს მოხდა, თავი დაიცვა. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს,“ – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვიდეოს ნახვის მერეც სჯერა თუ არა, რომ ქალმა აგენტზე ფიზიკური ძალადობა განზრახ სცადა, ჯეი დი ვენსმა უპასუხა, რომ ქალმა კანონი დაარღვია.

„ცხადია, ჩვენ არ გვექნება შანსი, ვკითხოთ ამ ქალს, რა ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, მან კანონი დაარღვია. დარწმუნებული ვარ, ოფიცერს ყველა საფუძველი ჰქონდა, ეფიქრა, რომ მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. არ ვიცი, რა ჰქონდა გულსა და თავში, თუმცა ვიცი, რომ მან კანონი დაარღვია და ვიცი, რომ ოფიცერი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა. არაგონივრულია მედიაში გავრცელებული განცხადებები იმის შესახებ, რომ ქალი უდანაშაულოა და მკვლელობა საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტმა ჩაიდინა. ეს ბევრმა თქვენგანმა – პირდაპირ, ზოგმა კი ირიბად თქვა. სწორედ ამას ვეწინააღმდეგები. ის აზრი, რომ ეს უსაფუძვლო იყო, აბსურდულია და ვფიქრობ, გულის სიღრმეში ეს ყველამ იცის“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მინეაპოლისში ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა.