ჯეი დი ვენსი: ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ

ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ევროპულ მედიას აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებზე „გადაჭარბებული რეაგირების“ გამო აკრიტიკებს.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ვენსმა ხაზი გაუსვა ამერიკა-ევროპის ურთიერთობებს და მოკავშირეებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მეტი წვლილის შეტანისკენ მოუწოდა.

ვენსის განცხადებით, იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ისმენს კრიტიკას ევროპული მედიის მხრიდან იმის შესახებ, თუ რა პრობლემებია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის ჯანდაცვის სფეროს არასაკმარის დაფინანსებაზე. მისი თქმით, ევროპელებს ავიწყდებათ, რომ აშშ-ის მიერ თავდაცვაზე გაწეული უზარმაზარი ხარჯები პირდაპირ კავშირშია ევროპის კონტინენტზე ათიათასობით ამერიკელი ჯარისკაცის ყოფნასთან, რაც თავის მხრივ ევროპის უსაფრთხოებას ემსახურება.

„ვფიქრობ, თუ ევროპულ მედიას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე თავდასხმა სურს, მათ ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედონ. პრეზიდენტს მხოლოდ ის აქვს ნათქვამი, რომ ჩვენ ვიქნებით კარგი მოკავშირეები, კარგი მეგობრები და სავაჭრო პარტნიორები, თუმცა სრულიად გონივრულია, რომ ევროპამ საკუთარ თავზე ცოტა მეტი პასუხისმგებლობა აიღოს“, - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.