1795672376
ჯარედ კუშნერი – ვიღაცას შეიძლება, მოსწონდეს, რაც პრეზიდენტმა პუტინმა გააკეთა, ვიღაცას – არა, მაგრამ ის უდავოდ პოლიტიკის დიდოსტატია, ისტორიული პიროვნებაა
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პოლიტიკის დიდოსტატია.
ამის შესახებ კუშნერმა პოდკასტ MD MEETS-ში განაცხადა.
„პრეზიდენტი პუტინი ძალიან ორგანიზებულია. ვიღაცას შეიძლება, მოსწონდეს ის, რაც მან გააკეთა, ვიღაცას – არა, მაგრამ ის უდავოდ პოლიტიკის დიდოსტატია. ის ისტორიული პიროვნებაა. ყოველთვის არის ძალიან კარგად მომზადებული და საკითხებს ღრმად აანალიზებს. საუბრისას ბევრ ჩანაწერს აკეთებს, შემდეგ კი საკუთარ პოზიციას ძალიან მკაფიოდ აყალიბებს. აშკარაა, საკითხების ღრმა ცოდნა აქვს და მათ მიმართ მტკიცე პოზიციები გააჩნია. თუმცა, ჩემი და სტივ ვიტკოფის შეფასებით, მას არა მხოლოდ მშვიდობა სურს, არამედ აშშ-თან ურთიერთობების შეცვლაც უნდა. სურს, გაარკვიოს, არსებობს თუ არა ურთიერთობების თავიდან დაწყების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, არავინ იცის, რამდენად გულწრფელია ეს განზრახვა და რამდენად შესაძლებელია მისი განხორციელება, თუმცა, ყოველთვის უნდა დაიწყო მოლაპარაკება იმ ადამიანთან, რომელსაც შესაძლოა, არ ეთანხმებოდე, მაგრამ რომელსაც ცვლილებების განხორციელების ძალაუფლება აქვს“, – განაცხადა კუშნერმა.
ამავე ინტერვიუში კუშნერმა თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა მასშტაბური ჰუმანიტარული გაცვლა „უახლოეს პერიოდში, დღესასწაულებამდე“ გაიმართება.
მისი თქმით, ეს იქნება 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური გაცვლა.
„სამმხრივი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, პირველ რიგში, გაგვერკვია, შევძლებდით თუ არა ტყვეთა მასშტაბურ ჰუმანიტარულ გაცვლას. ის დღესასწაულებამდე, უახლოეს პერიოდში გაიმართება და ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება“, – აღნიშნა კუშნერმა.











