იტალია აზერბაიჯანის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებზე მეტყველებს - ილჰამ ალიევი

ილჰამ ალიევი და ჯორჯია მელონი

სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სავაჭრო მარშრუტების გამტარუნარიანობის გაზრდა და ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია - ეს იყო იტალიის პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი საკითხები.

ეს იტალიის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი იყო 13 წლის განმავლობაში.

ბაქოში მხარეებმა განიხილეს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ტრანს-ადრიატიკული მილსადენის გაფართოებას ითვალისწინებს.

საერთაშორისო მედია წერს, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული არასტაბილურობის ფონზე, სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით იტალიამდე აღწევს - ევროპის ენერგო უსაფრთხოების უალტერნატივო მარშრუტად ყალიბდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ გასულ წელს აზერბაიჯანმა ჯამში 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა, საიდანაც 9,5 მილიარდი იტალიის ბაზარზე გავიდა.

"იტალია აზერბაიჯანის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებზე მეტყველებს. გასულ წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელმა დაახლოებით 12 მილიარდი დოლარი შეადგინა. ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენს ენერგეტიკული სექტორი წარმოადგენს. ამ მიმართულებით, ჩვენ წლების განმავლობაში ჩამოვყალიბდით, როგორც ერთმანეთის საიმედო და მყარი პარტნიორები. გასულ წელს აზერბაიჯანმა ჯამში 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა, საიდანაც 9,5 მილიარდი იტალიის ბაზარზე გავიდა. დღევანდელ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ მიწოდების მოცულობის შემდგომი გაზრდის პერსპექტივები, რაც, თავის მხრივ, დღის წესრიგში აყენებს ტრანს-ადრიატიკული მილსადენის გაფართოების აუცილებლობას", - აცხადებს ილჰამ ალიევი.