ისრაელისა და არაბული ქვეყნების ოფიციალური პირები აშშ-ს ირანზე თავდასხმებისგან თავის შეკავებას ურჩევენ - „ენბისი ნიუსი“

ირანი

ისრაელისა და არაბული ქვეყნების ოფიციალური პირები პირად საუბრებში აშშ-ს ირანზე თავდასხმებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ბოლო დღეებში ოფიციალურმა პირებმა ტრამპის ადმინისტრაციას განუცხადეს, რომ ირანის რეჟიმი, შესაძლოა, ჯერ არ იყოს დასუსტებული იმ დონემდე, რომ აშშ-ის სამხედრო დარტყმები გადამწყვეტი იყოს დასამხობად.

თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტრამპი განიხილავს შესაძლო ვარიანტების ფართო სპექტრს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ გულისხმობს სამხედრო ძალის გამოყენებას.

მედიის ცნობით, ერთ-ერთმა არაბმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამჟამად ირანში აშშ-ის დარტყმების მიმართ „სამეზობლოში ენთუზიაზმის ნაკლებობაა“. მეორემ კი შეშფოთება გამოთქვა, რომ „ისრაელის ან აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმა ან ესკალაცია გააერთიანებს ირანელებს“.

როგორც „ენბისი ნიუსი“ იუწყება, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა ტრამპის ადმინისტრაციას განუცხადეს, რომ მიუხედავად მათი მხრიდან რეჟიმის ცვლილების სურვილისა, ამ მომენტში გარე სამხედრო ჩარევამ, შესაძლოა, ვერ დაასრულოს მომიტინგეების მიერ დაწყებული საქმე.