ისრაელის იერიშის შედეგად, ლიბანში ათობით ადამიანი დაიღუპა

ლიბანი

ისრაელის იერიშის შედეგად, ლიბანში ათობით ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო იერიშების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, რამდენიმე ბავშვი.

ისრაელის სამხედრო ძალებში განაცხადეს, რომ ერთ ღამეში 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურასა და მებრძოლებს. სამხედროების განცხადებით, ღამის განმავლობაში განადგურდა 90-ზე მეტი იარაღის საწყობი, სამეთაურო ცენტრი და სადამკვირვებლო პუნქტი.

ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში იყო მას შემდეგ, რაც აპრილში აშშ-ის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. იერიშები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ლიბანში ოპერაციებს აძლიერებს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ლიბანის სამხრეთ ნაწილში, ე.წ. ყვითელი ხაზის მიღმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საერთო ჯამში, ისრაელის დარტყმების შედეგად, ლიბანში, სულ მცირე, 3 185 ადამიანი დაიღუპა.