ისრაელის ძალებმა ღაზაში იპოვეს ორი მძევლის ცხედარი, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმისას მოკლეს

ცხედრები ღაზაში'

ისრაელის ძალებმა ღაზაში იპოვეს ორი მძევლის ცხედარი, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმისას მოკლეს. საუბარია ისრაელელ-ამერიკელ წყვილზე.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 70 წლის ჯუდი ვაინშტაინ ჰაგაი, რომელიც ასევე კანადის მოქალაქე იყო, და მისი ქმარი 72 წლის გადი ჰაგაი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა კიბუც ნირ-ოზზე თავდასხმისას მოკლეს. მათი ცხედრები ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისში ღამით იპოვეს და ისრაელში დააბრუნეს იდენტიფიცირებისთვის.

ახლა ღაზაში „ჰამასის“ მიერ გატაცებული კიდევ 56 მძევალი რჩება რომელთაგანაც, სულ მცირე, 20 მიიჩნევა, რომ ცოცხალია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამძიმარი გამოუცხადა ჯუდი და გადი ჰაგაის ოჯახს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო და აღვნიშნო მებრძოლებისა და მეთაურების ეს მტკიცე და წარმატებული ოპერაცია. ჩვენ არ მოვისვენებთ და არ გავჩუმდებით, სანამ ყველა ჩვენს მძევალს- ცოცხალს და გარდაცვლილს – სახლში არ დავაბრუნებთ“, – ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრისა განცხადებაში.

ისრაელელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ დაიწყო.