ირანული მხარე ამტკიცებს, რომ საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ ამერიკული დრონი ჩამოაგდო

ამერიკული დრონი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, შეიარაღებულმა ძალებმა ისლამური რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევის შემდეგ ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი MQ-9 Reaper-ი ჩამოაგდო.

გარდა ამისა, როგორც რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ აგრეთვე ცეცხლი გაუხსნეს RQ-4 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს და F-35-ის ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავს, რომლებმაც აგრეთვე დაარღვიეს ქვეყნის საჰაერო სივრცე.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ იტოვებენ „კანონიერ და ცალსახა“ უფლებას აშშ-ის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ნებისმიერ დარღვევას უპასუხოს.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გაავრცელა ინფორმაცია ირანული სარაკეტო დანადგარების განადგურების შესახებ.