ირანში ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს, არ მომბეზრდება, ამაში მოსაწყენი არაფერია - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანში ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს. ტრამპის თქმით, ირანმა უგულვებელყო ვაშინგტონის გაფრთხილება ბირთვული იარაღის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი თქმით, სწრაფად ვითარდებოდა და საფრთხეს უქმნიდა აშშ-ს საზღვარგარეთ ბაზებს.

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ირანი უკვე ფლობდა ისეთ ბალისტიკურ რაკეტებს, რომელთაც ევროპამდე და ამერიკულ ბაზებამდე მანძილის დაფარვის შესაძლებლობა აქვთ.

„მალე კი შექმნიდნენ ისეთ იარაღსაც, რომელსაც კონტინენტურ შეერთებულ შტატებამდე მიღწევის უნარი ექნებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, მხოლოდ შეერთებულ შტატებს შესწევდა უნარი, შეეჩერებინა ეს პროცესი.

„ჩვენი მიზნები მკაფიოა. პირველი – ჩვენ ვანადგურებთ ირანის სარაკეტო შესაძლებლობებს. მეორე – მათ ფლოტს, უკვე გავანადგურეთ ათი ხომალდი, ისინი ზღვის ფსკერზეა. მესამე – ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მსოფლიო ნომერ პირველმა ტერორიზმის სპონსორმა, არასდროს მოიპოვოს ბირთვული იარაღი. მე ეს თავიდანვე ვთქვი. მათ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი. ისინი მისი კანონიერად მოპოვების გზაზე იყვნენ, ჩვენი ქვეყნის მიერ ხელმოწერილი სულელური შეთანხმებით. დაბოლოს, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ირანის რეჟიმმა ვერ შეძლოს ტერორისტული არმიების დაფინანსება და ხელმძღვანელობა მათ საზღვრებს გარეთ. ჩვენ ვფიქრობდით, რომ გვქონდა შეთანხმება, თუმცა მათ უკან დაიხიეს. დღეს ჩვენ ვგლოვობთ ოთხ გმირ ამერიკელ სამხედროს რომლებიც მოქმედებებში დაიღუპნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ვაშინგტონი განაგრძობს მისიას. პრეზიდენტის თქმით, ისინი მნიშვნელოვნად უსწრებენ წინ პროგნოზირებულ გრაფიკს, თუმცა რა ვადებიც არ უნდა დასჭირდეს, ამერიკას ყველა შესაძლებლობა აქვს მასთან გამკლავებისთვის, იქნება ეს ნავარაუდევი 4-5 კვირა, თუ უფრო მეტი ხანგრძლივობით.

„ვიღაცამ თქვა დღეს, პრეზიდენტს სურს სწრაფად გააკეთოს ეს, მერე მობეზრდებაო. არ მომბეზრდება, ამაში მოსაწყენი არაფერია. ვერ დაგეთანხმებით. ვიღაცამ მედიიდან თქვა, ვფიქრობ, 1-2 კვირაში მობეზრდებაო, არა, ჩვენ არ მოგვბეზრდება. აქ არ ვიდგებოდი ახლა. ჩვენ ასევე ვპროგნოზირებდით, სამხედრო ხელმძღვანელობის გასანადგურებლად ოთხ კვირას, ეს ერთ საათშიმოხდა. ასე რომ, გრაფიკს ძალიან ვუსწრებთ“, – განაცხადა ტრამპმა.