ირანში აშშ-ის და ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება - სამიზნე, სამხედრო-სამრეწველო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის საკვანძო ობიექტები გახდა

ირანი

 ირანში აშშ-ის და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოკავშირეების საჰაერო დარტყმების სამიზნე, ისლამური რესპუბლიკის სამხედრო-სამრეწველო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის საკვანძო ობიექტები გახდა.

თეირანში "ცაჰალმა" საზღვაო ფრთოსანი რაკეტების ორ საწარმოს დაარტყა, იერიში იყო მაშჰადის მე-14 ტაქტიკურ ბაზაზე, დაიბომბა ალ-ბორზის სამრეწველო ზონა და ყაზვინის პროვინციაში მდებარე იარაღის საწარმო, აფეთქება მოხდა ისპაჰანში მდებარე წყალქვეშა ნავებთან დაკავშირებულ კვლევით ცენტრშიც.

ამ ფონზე, პენტაგონის წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას დაადასტურა, რომ ახლო აღმოსავლეთში 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის საბრძოლო და დამხმარე ქვედანაყოფები გაიგზავნება. უწყება ასევე თავდაცვის წარმოებას "საომარი მდგომარეობის პირობაზე" გადაიყვანს.

შტატებთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრობს ოფიციალური თეირანი. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-მა ბოლო დღეებში ირანს არაერთი შეტყობინება გაუგზავნა შუამავალი ქვეყნების მეშვეობით, თუმცა აბას არაღჩის შეფასებით, ეს კომუნიკაცია მოლაპარაკებებს არ წარმოადგენს.

"ირანი ამ ეტაპზე მოლაპარაკებების გამართვას არ აპირებს" - აცხადებს ირანელი მინისტრი.

დონალდ ტრამპი კი ამტკიცებს, რომ ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ "მთავრობას ეშინია, რომ ამის გამო მათ საკუთარი ხალხი მოკლავს".