ირანს არასდროს უცდია და არც არასდროს ეცდება ბირთვული ბომბის შექმნას - ირანის პრეზიდენტი

მასუდ ფეზეშქიანი

kიდევ ერთხელ ვაცხადებ ამ ასამბლეის წინაშე, რომ ირანს არასდროს უცდია და არც არასდროს ეცდება ბირთვული ბომბის შექმნას. ეს არის ჩვენი რწმენა, ჩვენი სულიერი ლიდერის აზრიც. ჩვენ არ გვინდა მასობრივი განადგურების იარაღი, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში არაერთი მძიმე მოვლენა მოხდა, მათ შორისაა ისრაელისა აშშ-ის თავდასხმა ირანზე.

„მოდით, გადავხედოთ ბოლო ორ წელს. ამ ორი წლის განმავლობაში მსოფლიომ იხილა გენოციდი ღაზაში, იხილა სახლების ნგრევა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმეორებითი დარღვევა ლიბანში, იხილა სირიის ინფრასტრუქტურის განადგურება, იემენის ხალხის წინააღმდეგ თავდასხმები, იხილა დედების მკლავებში მყოფი გამხდარი ბავშვების იძულებითი შიმშილით სიკვდილი, იხილა ირანელი მეცნიერების მკვლელობა, ქვეყნების მიერ სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და მათი ლიდერების სამიზნეში ამოღება. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ ყველამ ნახეთ, გასულ ივნისში ჩემი ქვეყანა აგრესიის სამიზნე გახდა. დაირღვა საერთაშორისო სამართლის ყველაზე ელემენტარული პრინციპებიც კი. თავდასხმები იმ დროს მოხდა, როდესაც ჩვენ დიპლომატიური მოლაპარაკებების გზას ვადგავართ. ისრაელის ქმედებები მხოლოდ ძალადობასა და დაშინებაზე დაფუძნებული აგრესიაა“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.

ფეზეშქიანმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელი ღაზის სექტორში უკანონო ქმედებებს აგრძელებს და არ არის დაინტერესებული მშვიდობითა და უსაფრთხოებით.

„თითქმის ორწლიანი გენოციდის, მასობრივი შიმშილის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აპართეიდის გაგრძელებისა და მეზობლების წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ, „დიდი ისრაელის“ აბსურდულ და ბოდვით სქემას ამ რეჟიმის უმაღლესი ეშელონები თავხედურად აცხადებენ. ისრაელი არ არის დაინტერესებული უსაფრთხოებით, ნორმალიზაციით. ისრაელი და მისი სპონსორები აღარც კი კმაყოფილდებიან პოლიტიკური საშუალებებით ნორმალიზაციით“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.