რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
თეირანის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა თეატრალური დასის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მაყურებლის ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში გამოჩნდა, თუ როგორ მიადო მსახიობმა ქალმა თავი მსახიობი მამაკაცის მკერდს სცენაზე, ეპიზოდში, რომელიც დადგმის ავტორთა თქმით, და-ძმას ასახავს.
სასამართლო ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო Mizan-ის ცნობით, პროკურორებმა რეაგირება მოახდინეს იმ ქმედებაზე, რომელსაც მათი თქმით, საზოგადოებრივი ნორმებისა და ეთიკის სტანდარტების დარღვევაა. ინციდენტი მოხდა სპექტაკლ „Tehran Paris Tehran / Bridge“-ის მსვლელობისას, რომელიც თეირანის ჩრდილოეთით მდებარე კულტურულ კომპლექს „Book Garden“-ში იდგმებოდა.
სპექტაკლის რეჟისორია საიდ დაშთი, სცენარის ავტორი — სინა შაფიი, ხოლო მთავარ როლებს ფატემე მასუდიფარი, მეჰრდად სედიღიანი, ამირ ჯაფარი და სინა საეი ასრულებენ.
სცენა ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ხრის თავს მასუდიფარი სედიღიანის მკერდისკენ, სანამ ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, მას თავზე ეხება. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არანათესაური კავშირის მქონე ქალებსა და მამაკაცებს შორის საჯარო სივრცეში ფიზიკური კონტაქტი მკაცრად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ დაწესებული რელიგიური წესებით, და გამონაკლისს არც თეატრალური სცენა წარმოადგენს.
სააგენტო Fars-მა, რომელიც რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან არის ასოცირებული, გააკრიტიკა აღნიშნული სცენა და აღნიშნა, რომ უფრო დიდი პრობლემა არის ის, რასაც მან ხელოვნების თავისუფლებისა და საზოგადოებრივი ქცევის მარეგულირებელი საზღვრების „ეტაპობრივი ეროზია“ უწოდა.
„როგორც ჩანს, თეატრის სცენებზე არანაირი ზედამხედველობა არ არსებობს“, — წერს Fars-ი.
დასი მიზეზად კამერის რაკურსს ასახელებს. შაბათს თეატრალურმა დასმა განაცხადა, რომ შექმნილი უთანხმოება „გაუგებრობას“ ეფუძნება და ვიდეოში არ ჩანს მსახიობებს შორის არსებული რეალური დისტანცია.
მათი თქმით, კადრები მაყურებლის ტელეფონით იყო გადაღებული, რამაც მცდარი შთაბეჭდილება შექმნა. დასმა ასევე დასძინა, რომ შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად სცენაზე მსახიობების განლაგება უკვე შეცვალეს.
სპექტაკლის ავტორთა განმარტებით, ამ სცენაში წარმოდგენილი ორი პერსონაჟი და-ძმაა, ხოლო ფიზიკური კონტაქტი სიუჟეტის კრიზისულ მომენტში ხდება.