ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობას წყვეტს

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი

ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის გაწყვეტის შესახებ განაცხადა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებს ირანში შესვლის უფლება არ ექნებათ, თუ ქვეყნის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება და მშვიდობიანი ბირთვული საქმიანობა არ იქნება გარანტირებული. შესვლის ნებართვა ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს დამტკიცებას ექვემდებარება.

ირანი ასევე განიხილავს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვის დაწესებას, რომელსაც თეირანი ისრაელ-აშშ-ის აგრესიის ხელშეწყობაში სდებს ბრალს.

ირანული მედიის თანახმად, 25 ივნისს, ირანის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც თეირანს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობის შეჩერებას ავალდებულებს.

ირანული მედია წერს, რომ სააგენტომ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული რეზოლუცია მიიღო.