ირანი განურჩევლად ესხმის თავს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის ჩვენს მოკავშირეებს, ამას უმკაცრესად ვგმობთ - ფრიდრიხ მერცი

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ირანის ქმედებებს გმობს და აცხადებს, რომ არ არსებობს საერთო გეგმა, რომელიც მიმდინარე ომს დაასრულებს.

მისივე თქმით, ირანი რეგიონის ქვეყნებს განურჩევლად ესხმის თავს.

„განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ იმით, რომ, როგორც ჩანს, არ არსებობს საერთო გეგმა, როგორ მივიყვანოთ ეს ომი სწრაფ და დამაჯერებელ დასასრულამდე. ამასობაში, ჩვენ სახიფათო ესკალაციის მომსწრე ვართ. ირანი განურჩევლად ესხმის თავს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის ჩვენს ახლო პარტნიორებსა და მოკავშირეებს. ჩვენ ამას უმკაცრესად ვგმობთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ გერმანიასა და ევროპას დაუსრულებელი ომი არ სურთ.

„ჩვენ დაუსრულებელი ომის მიმართ ინტერესი არ გვაქვს. ასევე, არ გვაქვს ინტერესი ირანის ტერიტორიული მთლიანობის, სახელმწიფოებრიობის ან ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის დარღვევის მიმართ. ისეთი სცენარი, როგორიც ლიბიაში, ერაყში ან რეგიონის სხვა ქვეყნებში ვნახეთ, ყველას დაგვაზარალებს. ეს გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე, ენერგომომარაგებაზე და შესაძლოა, მიგრაციასთან დაკავშირებულ ვითარებაზეც“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ამასთან, მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით ისარგებლოს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომში უპირატესობა მოიპოვოს.

„ჩვენ ვიცით, რომ კრემლი ყურადღებით აკვირდება, სად ხსნის შესაძლებლობებს ირანთან ომი. ირანის გარშემო დრამატული მოვლენები იზოლირებულად არ უნდა განვიხილოთ. ისინი განუყოფლად არის დაკავშირებული რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დამპყრობელ ომთან. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პარტნიორებს თავიანთი ძალები გაჰყავთ ნატო-ს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფლანგებიდან, ჩვენ ადგილზე ვრჩებით. ტვირთის გადანაწილება მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვს უკრაინისა და ევროპის დასუსტების შესაძლებლობას მივცემთ“, – აღნიშნა ფრიდრიხ მერცმა.