1734777043
„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა
ღამის განმავლობაში ისრაელის ცენტრალურ ქალაქებში საჰაერო განგაში ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით 5 რაკეტა გაუშვა. მათი ნაწილი თავდაცვის სისტემამ გაანადგურა, ნაწილი კი ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ისრაელი „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებსა და სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. ქვეყნის ხელისუფლებამ ლიბანის მოსახლეობას არაბულ ენაზე მოუწოდა, სანაპირო ზოლთან ახლოს ყოფნისგან თავი შეიკავონ, რის შემდეგაც სარაკეტო დარტყმა საზღვრის ახლოს მდებარე ქალაქ ტირზე მიიტანა.
მანამდე კი ისრაელის არმიის სამიზნეში მოექცა ბეირუთთან ახლოს მდებარე საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, რასაც შეერთებული შტატები გამოეხმაურა და ისრაელს მოუწოდა, არ დაარტყან ბეირუთის აეროპორტს და მისკენ მიმავალ გზებს.