ჰელოუინის აღნიშვნის დროს დაღუპულების პატივსაცემად სამხრეთ კორეაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

კორეა

სამხრეთ კორეაში, ჰელოუინის აღნიშვნის დროს მომხდარი მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაღუპული 150-ზე მეტი ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, დღეიდან 5 ნოემბრამდე, გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გლოვის პერიოდში, ყველა საჯარო დაწესებულება და დიპლომატიური ოფისი დროშებს დაუშვებს. სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა ღონისძიება, რომლის გამართვაც საჩქარო არაა, გადაიდება.

მისივე თქმით, საჯარო მოხელეები და საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები გლოვის პერიოდში, სამძიმრის გამოსახატად, სამოსზე სამგლოვიარო ლენტებს დაიმაგრებენ.

სეულში, მასობრივი ჭყლეტის შედეგად, 151 ადამიანი დაიღუპა და 82 დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის 19 მოქალაქეცაა. ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა უმეტესობა თინეიჯერი ან 30 წლამდე ასაკის პირი იყო.