გვჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობას ემსახურება და არა ის, რომელიც მას აკონტროლებს - ანტონიუ კოშტა

ანტონიუ კოშტა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თანამედროვე გლობალური გამოწვევების გადაჭრა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.

მისი თქმით, ვერც ერთი ქვეყანა, რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს ის, დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება პანდემიებს, კლიმატის ცვლილებას, მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოებას, ფინანსურ სტაბილურობასა და ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას.

კოშტას განცხადებით, თანამშრომლობა ასევე აუცილებელია ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად.

„მულტილატერალიზმი წარსულის იდეა არ არის. ის დღევანდელი პრობლემების გადაჭრის ერთადერთი რეალისტური გზაა. სწორედ ამიტომ არის ჩვენი გზავნილი მკაფიო: ჩვენ გვჭირდება მულტილატერალიზმი – ძლიერი, ეფექტიანი, წარმომადგენლობითი და ისეთი, რომელსაც ადამიანებისთვის კონკრეტული შედეგების მოტანა შეუძლია. მულტილატერალიზმი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, აძლიერებს დემოკრატიას და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას. მულტილატერალიზმი, რომელიც მზად არის, უპასუხოს დღევანდელ უმნიშვნელოვანეს გამოწვევებს – მშვიდობას, კლიმატის საგანგებო მდგომარეობას, ეკონომიკურ დაუცველობასა და ხელოვნურ ინტელექტს. რაც შეეხება ხელოვნურ ინტელექტსა და მის მართვას, ჩვენ გვჭირდება ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და რეგულირებული სისტემა. გვჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კაცობრიობას ემსახურება და არა ის, რომელიც მას აკონტროლებს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ პროცესის მართვის სადავეებთან და თავად განვსაზღვრავდეთ ინოვაციებისა და განვითარების უსაფრთხო და დაცულ ტემპს. ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის რეგულირება რამდენიმე მსხვილი გლობალური კომპანიის ხელში ვერ იქნება“, – განაცხადა კოშტამ.

ამასთან, კოშტას თქმით, საერთაშორისო სამართალთან მიმართებით „ორმაგი სტანდარტები“ არ უნდა არსებობდეს და მისი დაცვა ყველა ქვეყანაში თანაბრად უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

✕