„20 წუთამდე გრძელდებოდა სეტყვა და ქარი...“ - ძლიერი სტიქია კახეთში
1757579911
ახალი კვლევის თანახმად, ზოგიერთი ინფექცია გულის შეტევის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს. აქამდეც ვარაუდობდნენ, რომ ინფექციები ინფარქტისადმი უფრო მოწყვლადს გვხდის, მაგრამ კონკრეტულად რა მექანიზმები მონაწილეობს ამაში, ძნელი დასადგენია.
მეცნიერებმა იმ ადამიანების არტერიული დანალექები შეისწავლეს, რომლებიც ინფარქტს ემსხვერპლნენ ან ქოლესტერინისა და სხვა ნივთიერებების ფოლაქები ქირურგიულად ამოიკვეთეს. აღმოაჩინეს, რომ ნიმუშებში ხშირად მიძინებული ბაქტერიების შრეც იყო. გაირკვა ისიც, რომ იქიდან გამოთავისუფლებულ მიკროორგანიზმებს გულის შეტევის გამოწვევა შეუძლიათ.
არტერიული დანალექების გენეტიკური სეკვენირებისა და სხვა მეთოდების მეშვეობით მკვლევრებმა გამოავლინეს ისეთი ბაქტერიები, რომლებიც ჩვენს პირის ღრუში ცხოვრობენ. მათ ერთგვარი ბიოშრე, კოლონია, ჰქონდათ ჩამოყალიბებული, სადაც იმუნურ სისტემასა და ანტიბიოტიკებს იმაზე უკეთ "ემალებოდნენ", ვიდრე ინდივიდუალურად შეძლებდნენ.
ნიმუშებში ასეთი შრეები დანალექში ღრმად იყო განლაგებული, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ის გარღვეული აღმოჩნდა, რამაც იმუნური რეაქცია და ანთებითი პროცესები გამოიწვია. იქიდან გამოყოფილი ბაქტერიები ათეროსკლეროზული ფოლაქების გაგლეჯასა და ინფარქტთან დააკავშირეს.
როგორც წესი, ეს ბაქტერიები მიძინებულნი არიან, მაგრამ მათ სხვა პათოგენები ააქტიურებს, მაგალითად, ვირუსული ინფექცია. ეს იმუნური სისტემის განგაშს განაპირობებს, რაც ანთებას ედება საფუძვლად და არტერიულ დანალექს აზიანებს. შედეგად თრომბი შეიძლება წარმოიქმნას და სისხლის მიმოქცევა შეიზღუდოს, რაც ინფარქტის მაპროვოცირებელია.
თუ ამგვარი მიზეზშედეგობრივი კავშირი სხვა კვლევებითაც დადასტურდება, ეს გულის დაავადებებთან შეწინააღმდეგების უკეთესი გზების მოძიებაში დაგვეხმარება.