გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს - დანიის პრემიერი ტრამპის განცხადებას პასუხობს

დანიის პრემიერი

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი გრენლანდიის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს.

ადგილობრივ მედიასთან საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ გრენლანდია მის მოსახლეობას ეკუთვნის.

„დანიის მთავრობის პოზიცია აბსოლუტურად ნათელია. გრენლანდიის მომავალი განისაზღვრება გრენლანდიაში. გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიელებს“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი თავისი ვაჟის, დონალდ ტრამპ უმცროსის გრენლანდიაზე ჩასვლას გამოეხმაურა. დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა: „ხალხი უზარმაზარ სარგებელს მიიღებს, თუ და როდესაც გრენლანდია გახდება ჩვენი ქვეყნის ნაწილი. ჩვენ მოვუვლით და დავიცავთ მას ბოროტი გარე მსოფლიოსგან. გავხადოთ გრენლანდია კვლავ დიადი!“

დონალდ ტრამპი უმცროსი გრენლანდიაში ცოტა ხნის წინ ჩავიდა. „ესოშიეტიდ პრესის“ ცნობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ვაჟი გრენლანდიაზე პოდკასტისთვის ვიდეოს გადაღებას აპირებს. მას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ან პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.

„ჩვენ აქ ვართ, როგორც ტურისტები, რომ ვნახოთ, როგორ გამოიყურება ეს შესანიშნავი ადგილი. უკვე გარკვეული პერიოდია, ვსაუბრობდით აქ ჩამოსვლაზე. მე აქ გასულ გაზაფხულს ვაპირებდი ჩამოსვლას, რომ მეკეთებინა ის, რითიც თავისუფალ დროს ვარ ხოლმე დაკავებული. მოხარული ვარ აქ ყოფნით. არაჩვეულებრივი ქვეყანაა. ის (დონალდ ტრამპი) მოკითხვას გადმოგცემთ. ჩვენ მას გუშინ ვესაუბრეთ. ასე რომ, ის ყველას მოგესალმებათ გრენლანდიაში“, – განაცხადა დონალდ ტრამპ უმცროსმა გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკის აეროპორტში.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს გრენლანდიის შეძენის სურვილი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც გამოუთქვამს.