გლობალური საშუალო თვიური ტემპერატურა შესაძლოა 1,9 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდოს - მეცნიერების გაფრთხილება

სიცხე

მაისში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციამ რეკორდულ დონეს მიაღწია. ეს ნიშნავს, რომ ამ ზაფხულს გლობალური საშუალო თვიური ტემპერატურა შესაძლოა 1,9 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდოს. როგორც Inside Climate News წერს, აღნიშნული გაფრთხილება არაკომერციულმა სამეცნიერო ორგანიზაციამ, Climate Central-მა გამოაქვეყნა.

NASA-ს ყოფილმა კლიმატოლოგმა, ჯეიმს ჰანსენმაც დაადასტურა ამ ზაფხულს ტემპერატურის მოკლევადიანი მატება. ჰანსენმა დაწერა, რომ ბევრი მეცნიერი ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ აფასებს, თუ რამდენად მგრძნობიარეა დედამიწის კლიმატური სისტემა სათბურის აირების მიმართ. მისი თქმით, 2026 წელი შესაძლოა პლანეტაზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე თბილი წელი გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ იგი უფრო დაბალი ტემპერატურით დაიწყო, ვიდრე 2024 წელი (წინა რეკორდულად თბილი წელი).

გარემოს დაცვის კვლევის პროგრამა Copernicus-ის წარმომადგენლებიც საგანგაშო გაფრთხილებით გამოვიდნენ. მათი მონაცემებით, დედამიწის კლიმატური სისტემა სითბოს იმაზე სწრაფად აგროვებს, ვიდრე ოდესმე.