ღაზის სექტორში ზავის ამოქმედების შემდეგ, „ჰამასსა“ და შეიარაღებული კლანის წევრებს შორის ღაზაში დაპირისპირება დაიწყო, დაიღუპა, სულ მცირე, 27 ადამიანი

ღაზის სექტორი

ღაზის სექტორში ზავის ამოქმედების შემდეგ, „ჰამასსა“ და შეირაღებული კლანის წევრებს შორის ქალაქ ღაზაში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. ქალაქში „ჰამასის“ უსაფრთხოების ძალებსა და დუგმუშის ოჯახის შეიარაღებულ წევრებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა.

იორდანიის საავადმყოფოსთან ახლოს „ჰამასის“ ნიღბიანმა მებრძოლებმა კლანის მებრძოლებს ცეცხლი გაუხსნეს.

„ჰამასის“ მიერ მართული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომდგენლის განცხადებით, „უსაფრთხოების დანაყოფებმა კლანის წევრები ალყაში მოაქციეს და მათ დასაკავებლად სასტიკი ბრძოლა გაიმართა“.

სამედიცინო წყაროების ცნობით, 11 ოქტომბერს საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან დუღმუშის კლანის 19 წევრი და „ჰამასის“ რვა მებრძოლი დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, შეტაკებები ქალაქის სამხრეთით, თელ ალ-ჰავას უბანში მას შემდეგ დაიწყო, რაც 300-ზე მეტი მებრძოლისგან შემდგარი „ჰამასის“ დაჯგუფება საცხოვრებელი კორპუსის შტურმით აღებას ცდილობდნენ, სადაც დუგმუშის მებრძოლები იყვნენ გამაგრებულნი. დუღმუშის ოჯახს, ღაზას ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კლანს, დიდი ხანია, დაძაბული ურთიერთობა აქვს „ჰამასთან“ და მის შეიარაღებულ წევრებს წარსულში რამდენჯერმე მოუვიდათ შეტაკება დაჯგუფებასთან.

„ჰამასის“ მიერ მართულმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი ძალები წესრიგის აღდგენას ცდილობენ და „წინააღმდეგობის ჩარჩოებს გარეთ ნებისმიერი შეიარაღებული აქტივობა“ მკაცრად დაისჯება.

„ჰამასმა“ მანამდე განაცხადა, რომ დუღმუშის შეიარაღებულმა პირებმა მისი ორი მებრძოლი მოკლეს და ხუთი დაჭრეს, რის შემდეგაც დაჯგუფებამ მათ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. ადგილობრივი წყაროების ცნობით, „ჰამასმა“ თავისი უსაფრთხოების ძალებიდან დაახლოებით 7 000 წევრი გამოიძახა, რათა აღადგინონ კონტროლი ღაზის სექტორზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ისრაელის ჯარებმა გაათავისუფლეს.