ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორი

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღაზის ჯანდაცვის სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, არაბულ ანკლავში სამხედრო ოპერაციის შედეგად გასული 24 საათის განმავლობაში 94 ადამიანი დაშავდა. არაბული მედიის თანახმად, ისრაელმა ჯაბალიაში სკოლის შენობა დაბომბა, რომელიც თავშესაფრად არის გადაკეთებული. დაბომბვას 17 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციის იერიშები განხორციელდა ქალაქ ღაზაში, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

არაბული მედია წერს, რომ ისრაელის სამხედროები ქალაქის გარეუბანს არტილერიით ბომბავენ.

2023 წელს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად მსხვერპლის რიცხვმა ღაზის სექტორში 52 862-ს მიაღწია, 119 647 კი დაშავდა.