1769028379
გერმანიის ვიცე-კანცლერი: ტრამპის მიერ ტარიფებზე უარის თქმის გამო სიხარული ნაადრევია
ტრამპის მიერ ტარიფებზე უარის თქმის გამო სიხარული ნაადრევია, – ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბეილმა განაცხადა.
მან სკეპტიკურად შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრაპის განცხადება, რომ აშშ არ აპირებს, დააწესოს სავაჭრო ტარიფები გერმანიისა და იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან გრენლანდიის დაუფლების გეგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
„ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ აუცილებელია, ჯერ ვნახოთ, არსებითად რაზე შეთანხმდნენ ტრამპი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე. კარგია, რომ დიალოგი მიმდინარეობს, მაგრამ მაინც აუცილებელია დალოდება. ნაადრევი სიხარული არ ღირს“, – განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა.
მანამდე დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გენერალურ მდივანთან მიაღწია „ჩარჩო შეთანხმებას“, რომელიც საფუძვლად დაედება გრენლანდიის საკითხზე სამომავლო გარიგებას. ამასთან, ტრამპმა დაწერა, რომ უარს ამბობს პირველი თებერვლიდან ევროპული ქვეყნების მიმართ ტარიფების დაწესებაზე.












