1769027328
გიორგი შარაშიძე: ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჩვენოდაც გაარკვევენ საკუთარ ინტერესებსა და პრეტენზიებს
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჩვენოდაც გაარკვევენ საკუთარ ინტერესებსა და პრეტენზიებს. ჩვენთვის მთავარია, რაც ჩვენ გვევალება და გვეხება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძის თქმით, ევროპასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებას „არანაირი კავშირი არ აქვს საქართველოს მისწრაფებასთან, გახდეს ევროპული ოჯახის, ანუ ევროკავშირის წევრი“.
„ეს არის დღეს თანამედროვე მსოფლიოში ძალთა გადანაწილების ახალი კონტურების გამოკვეთის საკითხი. საქართველოს ამასთან არანაირი შეხება არ აქვს. არ უნდა დავუშვათ ამ თემის მოტანა საიმისოდ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ ისარგებლოს ტრამპის ამ განცხადებით, კიდევ ერთხელ გამოაცხადოს ჩვენს მტრებად ევროკავშირი, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია, და ევროპული ქვეყნები, სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენთვის მთავარია, რაც ჩვენ გვევალება, გვეხება და რაც საქართველოსთვის მტკივნეულია, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ არსებობდეს ევროპული დემოკრატია. ტრამპი-ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რამენაირად, ერთმანეთში უჩვენოდაც გარკვევენ საკუთარ ინტერესებსა და პრეტენზიებს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 21 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მე მიყვარს ევროპა და მსურს, აყვავდეს, მაგრამ ის არასწორი მიმართულებით მოძრაობს“.











