გერმანიის პრეზიდენტმა კანცლერ ფრიდრიხ მერცის ახალი მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად დანიშნა

მერცი და შტანმაიერი

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კანცლერ ფრიდრიხ მერცის ახალი მინისტრთა კაბინეტი ოფიციალურად დანიშნა.

გერმანიის ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი ლარს კლინგბაილი გახდა, „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, კლინგბაილი მხარს უჭერს გერმანიის სამხედრო ძალების გაძლიერებას.

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) წარმომადგენელი იოჰან ვადეპული, რომელიც ანალენა ბერბოკს შეცვლის. „დოიჩე ველე“ წერს, რომ ვადეპული მხარს უჭერდა უკრაინის მიერ გერმანული შეიარაღების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ. ამას გარდა, ის რუსეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის გადახედვის მომხრეა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ბორის პისტორიუსი დარჩება. პისტორიუსი არის ყოფილი კანცლერის, ოლაფ შოლცის კაბინეტის ერთადერთი წევრი, რომელიც ახალ მთავრობაში გადადის, როგორც გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი.

ნენსი ფეზერს ჩაანაცვლებს და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ხდება ალექსანდერ დობრინდტი „ქრისტიანული სოციალური კავშირიდან (CSU)“.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრად კატერინ რაიხე დაამტკიცეს, ასევე „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან“ (CDU).

გერმანიის ბუნდესტაგმა დღეს კანცლერის თანამდებობაზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. თებერვალში გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა. აპრილში ისინი „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ.