LIVE: პირდაპირი ეთერი „ჰაუსიდან“ - გაიცანით მონაწილეები
1763908069
გერმანიის პოლიციამ გამთენიისას 45 წლის ჯანდაცვის სფეროს მუშაკის სახლში ჩხრეკა ჩაატარა მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელ X-ში საჯარო მოხელეებს „პარაზიტები“ უწოდა. ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.
მამაკაცმა სახელად მ. 29 სექტემბერს სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ქვეყნის საგადასახადო სისტემა და სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებაზე მომუშავე ადამიანები გააკრიტიკა.
„არავინ, ვინც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, არ იხდის სუფთა გადასახადებს. ისინი გადასახადების ხარჯზე ცხოვრობენ - თითოეული სახელმწიფო მოხელე, პოლიტიკოსი, სახელმწიფო საწარმოს თანამშრომელი და ნებისმიერი ადამიანი, ვინც სახელმწიფოს კმაყოფაზეა. არცერთი პარაზიტი გადასახადებს არ იხდის“, - დაწერა მან.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 13 ნოემბერს აღნიშნულ მამაკაცთან სახლში, რომელიც ბადენ-ვიუტენბერგის ფედერალურ მიწაზე მდებარეობს, პოლიციის ორი ოფიცერი მივიდა. მათ ჩხრეკის ორდერი და „სიძულვილის გაღვივების“ შესახებ ბრალდება წარუდგინეს. როგორც თავად მამაკაცი ჰყვება, პოლიციელებმა მას შესთავაზეს ორი გამოსავალი: მიეცა მათთვის ტელეფონი და პაროლი, ან ნება დაერთო სახლი გაეჩხრიკათ. მამაკაცი დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას. ის ქალაქ გოპინგენის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ეჭვმიტანილის ადვოკატმა მარკუს პრეტცელმა პოლიციის მოქმედებას „აბსურდული და უკანონო“ უწოდა და აღნიშნა, რომ მას დღემდე არ აქვს წვდომა საქმის მასალებთან. არც სასამართლოს, არც პროკურატურას არ განუმარტავს ზუსტად, თუ რაში მდგომარეობს სიძულვილის გაღვივება.
მამაკაცი ამბობს, რომ მას სიტყვა „პარაზიტის“ გამო დევნიან. ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ თავის დროზე ნაცისტები სიტყვა „პარაზიტს“ ებრაელების შეურაცხყოფისთვის იყენებდნენ. შესაძლოა, პროკურატურამ მის წინააღმდეგ ამის გამო აღძრა საქმე. თავად ბრალდებული ნეონაცისტებთან კავშირს უარყოფს.