გერმანიის მთავრობის მიერ მიღებული კანონით, პოლიციას დრონების ჩამოგდების უფლება ექნება

დრონები

გერმანიაში სამართალდამცველებს დრონების ჩამოგდების უფლებას მისცემენ. ახალი კანონი, რომელიც ქვეყნის ფედერალურმა მთავრობამ მიიღო და პარლამენტის დამტკიცებას ელოდება, პოლიციას უფლებას აძლევს, გერმანიის საჰაერო სივრცის დამრღვევი დრონები ჩამოაგდოს.

როგორც კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში დაწერა, მოხდება ფედერალური პოლიციის უფლებამოსილებების გაძლიერება.

„დრონებთან დაკავშირებული ინციდენტები საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას. ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ვაძლიერებთ ფედერალური პოლიციის უფლებამოსილებებს, რათა დრონების აღმოჩენა და მათზე რეაგირება მომავალში უფრო სწრაფად მოხდეს“, – დაწერა ფრიდრიხ მერცმა.

„როიტერი“ წერს, რომ ახალი კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც დრონების გამო, 3 ოქტომბერს მიუნხენის აეროპორტში ათობით რეისი გადამისამართდა ან გაუქმდა, რის შედეგადაც პრობლემები 10 000-ზე მეტ მგზავრს შეექმნა.

ახალი კანონით, გერმანია შეუერთდა ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის ბრიტანეთს, საფრანგეთს, ლიეტუვას და რუმინეთს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ უსაფრთხოების ძალებს მიანიჭეს უფლებამოსილებას მათი საჰაერო სივრცის დამრღვევი დრონები ჩამოაგდონ.

Deutsche Flugsicherung (DFS)-ის მონაცემებით, გერმანიაში 2025 წლის იანვრიდან სექტემბრის ბოლომდე დრონებთან დაკავშირებული საჰაერო მოძრაობის 172 შეფერხება დაფიქსირდა.