გერმანიაში დააკავეს ულტრამემარჯვენე მოძრაობის 25 წევრი და ერთი რუსი მხარდამჭერი, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან გადატრიალების მომზადებაში

გერმანია დაკავება

გერმანიაში მთავრობის დამხობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პირთა შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, ბუნდესტაგის შტურმის მომზადების ბრალდებით დააკავეს გერმანიის 24 მოქალაქე და რუსეთის ერთი მოქალაქე. ამავე საქმეზე ეჭვმიტანილები დააკავეს ავსტრიასა და იტალიაშიც.

გერმანული პროკურატურის ცნობით, დაკავებულთა შორის არის პრინცი ჰაინრიხ XIII, რომელსაც შეთქმულების მონაწილეები გერმანიის ხელისუფლებაში მოსასვლელად ამზადებდნენ. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ჰაინრიხ XIII-ს კონტაქტი ჰქონდა რუსეთის ოფიციალურ პირებთან, რათა მთავრობის დამხობის შემდეგ გერმანიაში ახალი წესრიგი ჩამოეყალიბებინა. როგორც მედია წერს, დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჰაინრიხ XIII-ს ამ კონტაქტების დამყარებაში ეხმარებოდა.

გერმანული მედიის ცნობით, დაკავებულებს შორის ასევე არიან ბუნდესვერის სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედი წევრი და რამდენიმე რეზერვისტი. წინასწარი ცნობით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2021 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობდა. გამოძიების ცნობით, შეთქმულების მონაწილეები ბუნდესტაგის შტურმს და პოლიტიკოსების მძევლად აყვანას გეგმავდნენ. პროკურატურის ვერსიით, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამის შემდეგ გერმანიაში არეულობა დაიწყებოდა, რასაც გადატრიალება მოჰყვებოდა.