გაერთიანებული ვართ უკრაინისთვის ღირსეული, მდგრადი მშვიდობის მხარდასაჭერად - ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

ჩვენ აშკარად გადამწყვეტ მომენტში ვიმყოფებით. მოლაპარაკებები ახალ იმპულსს იძენს და ჩვენ ეს იმპულსი უნდა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „მსურველთა კოალიციის” შეხვედრაზე განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, საბოლოოდ არსებობს შანსი, რომ რეალური პროგრესი იყოს მიღწეული მშვიდობისკენ. მაკრონის მტკიცებით, „კარგი მშვიდობის“ აბსოლუტური პირობა არის ძალიან მყარი უსაფრთხოების გარანტიების ერთობლიობა და არა ქაღალდის გარანტიები.

„უკრაინამ მიიღო თავისი წილი დაპირებები, რომლებიც რუსეთის აგრესიამ დაარღვია და რეალური, მყარი გარანტიები აუცილებლობაა. მსურს, მივესალმო იმ ფაქტს, რომ 23 ნოემბერს ჟენევის შეხვედრებმა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ღია და კონსტრუქციული დისკუსიის საშუალება გააჩინა და რომ ორივე მხარემ ეს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს ამერიკის ძალისხმევას, დასრულდეს ეს ომი. ჩვენ გაერთიანებული ვართ უკრაინისთვის სამართლიანი, ღირსეული და მდგრადი მშვიდობის მხარდასაჭერად, რომელიც შეინარჩუნებს მის სუვერენიტეტს და უზრუნველყოფს მის გრძელვადიან უსაფრთხოებას. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ამ გზაზე კიდევ უფრო წინ წაგვიყვანს, მისასალმებელია”, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.