გაერო-ში მიიჩნევენ, რომ ტარიფების დაწესებას განვითარებადი ქვეყნებისთვის შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს

გაერო

ტარიფების დაწესებას განვითარებადი ქვეყნებისთვის შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს, – ამის შესახებ გაერო-ს ვაჭრობის სააგენტოს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, პამელა კოუკ-ჰამილტონმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ტარიფებს შესაძლოა, უფრო დამაზიანებელი შედეგები მოჰყვეს განვითარებადი ქვეყნებისთვის, ვიდრე საერთაშორისო დახმარების შეწყვეტას.

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მონაცემებით, გლობალური ვაჭრობა შეიძლება, შემცირდეს 3,7%-ით, გლობალური მშპ კი – 0,7%-ით 2040 წლისთვის.

„თუ ტარიფების ეს ესკალაცია ჩინეთსა და აშშ-ს შორის გაგრძელდება, ეს გამოიწვევს ჩინეთსა და აშშ-ის შორის ვაჭრობის 80%-ით შემცირებას. ამის ტალღოვანი ეფექტი ყველა მიმართულებით შესაძლოა, კატასტროფული იყოს, რადგან ჩვენ აღარ ვართ ისეთ მსოფლიოში, სადაც ცალმხრივი ვაჭრობაა. ეს აისახება ყველაფერზე მიწოდების ჯაჭვების გასწვრივ სავაჭრო ურთიერთობების ცვლილებით“, – განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპმა 90 დღით შეაჩერა ტარიფების ამოქმედება ათობით ქვეყნისთვის, თუმცა 145%-მდე გაზარდა ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფები. დღეს ჩინეთმა ამერიკულ პროდუქტებზე საიმპორტო გადასახადს 125%-მდე გაზრდის შესახებ განაცხადა.