ფრიდრიხ მერცი: გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი უკრაინის მოქალაქე ახალგაზრდა მამაკაცების რიცხვის შემცირებაზე კიევთან ერთად ვიმუშავებთ, გადამწყვეტია, რომ მათ საკუთარი ქვეყანა დაიცვან

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცი

გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი უკრაინის მოქალაქე ახალგაზრდა მამაკაცების რიცხვის შემცირებაზე კიევთან ერთად ვიმუშავებთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის ინტერესებშია, რომ ახალგაზრდა უკრაინელი მამაკაცები სამშობლოში რჩებოდნენ.

„მჭიდრო კოორდინაცია გვექნება, როდესაც საქმე ეხება უკრაინის მოქალაქეებს, რომლებმაც გერმანიას შეაფარეს თავი. მათთვის სახლში დაბრუნების პროცესს გავაიოლებთ. უკრაინასთან ვიმუშავებთ იმ ახალგაზრდა მამაკაცების რიცხვის შემცირებაზე, რომლებიც გერმანიას აფარებენ თავს. გადამწყვეტია, რომ ამ მამაკაცებმა საკუთარი ქვეყანა დაიცვან“, – განაცხადა მერცმა.

ცნობისთვის, გერმანიაში უკრაინის მოქალაქეებს ლტოლვილის სტატუსს ანიჭებენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ შეღავათები, რომლებითაც თავშესაფრის მაძიებელი პირები სარგებლობენ. მათ ასევე აქვთ მუშაობის უფლება.