ფრიდრიხ მერცი: აშშ-ისა და ევროპის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი გარანტიების ფარგლებში, სამშვიდობოებს გარკვეულ გარემოებებში რუსული ძალების მოგერიება შეეძლებათ

ფრიდრიხ მერცი

შეერთებული შტატებისა და ევროპის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შემდგომი გარანტიების ფარგლებში, სამშვიდობოებს გარკვეულ გარემოებებში რუსული ძალების მოგერიება შეეძლებათ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ადგილობრივ მედიასთან საუბრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.

როგორც ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რაიმე პირობა თუ დაირღვევა, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, მშვიდობისმყოფელებს რუსული ძალების მოგერიება მოუწევთ.

„ჩვენ მეომარ მხარეებს შორის დემილიტარიზებულ ზონას უზრუნველვყოფთ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ასევე ვიმოქმედებთ რუსეთის შესაბამისი შემოჭრისა და თავდასხმების წინააღმდეგ. ჩვენ ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა აიღეს ვალდებულება, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, დაიცვან უკრაინა ისე, თითქოს ნატო-ს ტერიტორია იყოს, აშშ-სთვის ახალი, შესანიშნავი პოზიციაა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ამასთან, ფრიდრიხ მერცს მიაჩნია, რომ 50-50-ზეა ევროპული შეთანხმების მიღწევის შანსები უკრაინის თავდაცვის დაფინანსებისთვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ამაზე შეთანხმება აუცილებელია, რადგან უკრაინას, რომელსაც ევროპული დაფინანსება 2026 წლის პირველ კვარტალში ამოეწურება, დაფინანსება, სულ მცირე, კიდევ ორი წლის განმავლობაში დასჭირდება.

„ახლა თუ არ ვიმოქმედებთ და არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც შეგვიძლია, რუსული არმიის წინსვლის შესაჩერებლად მივიღოთ, როდის გავაკეთებთ ამას?“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ფრიდრიხ მერცმა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპის მიმართ „მტრული ტონით“ არ გაკვირვებულა. მერცმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატების ასეთი განწყობა დიდხანს არ გაგრძელდება და ვაშინგტონი ევროპელ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაუბრუნდება.