ფინეთმა და შვედეთმა მხარდაჭერა გამოუცხადეს დანიასა და გრენლანდიას მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა კუნძულზე კონტროლის შესახებ განაცხადა

ფინეთი და შვედეთი

ფინეთისა და შვედეთის ლიდერებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს დანიასა და გრენლანდიას მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სჭირდება კონტროლი კუნძულზე.

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არავის შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილებები გრენლანდიისა და დანიის მაგივრად.

„ჩვენს ნორდიკულ მეგობარს და დანიის პრემიერ-მინისტრს მეტე ფრედერიკსენს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა“, – წერს ფინეთის პრეზიდენტი.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმაც განაცხადა, რომ მხოლოდ დანიასა და გრენლანდიას აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ საკითხებზე.

„შვედეთი სრულად უჭერს მხარს მეზობელ ქვეყანას“, – აღნიშნა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიის შეძენა აშშ-ის თავდაცვისთვის აუცილებელია.

„ჩვენ მართლაც გვჭირდება გრენლანდია, აბსოლუტურად. თავდაცვისთვის გვჭირდება“, – თქვა ტრამპმა.